საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გადახედოს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამგვარი "დამანგრეველი გადაწყვეტილება მხოლოდ თალიბებს შეიძლებოდა მიეღოთ".
"2012 წელს ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადო და ამერიკის მთავრობის პროგრამით, დამატებით, 50-დან 100 მილიონ დოლარამდე უნდა მიგვეღო ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემოსაყვანად. ამ უნივერსიტეტისთვის შენობა ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა და ქართველმა მშენებლებმა ააშენეს. ეს იქნებოდა საქართველოს ნამდვილი სიამაყე - უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში დაიდებდა ბინას, ჩვენს ქვეყანას მოუმზადებდა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს. მსგავსი მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება საქართველოში პირველი იქნებოდა და იქ ქართველი სტუდენტების უმეტესობა სწავლას უფასოდ შეძლებდა. ეს ასე იყო ჩაფიქრებული. ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე - აღარ განათავსონ ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია. ბათუმში მერიას უკვე ჰქონდა დიდი და კომფორტული შენობა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნის მერია იოცნებებდა თავის ქალაქში მსგავსი უნივერსიტეტის გახსნაზე, რადგან ის მოიტანდა განვითარებას და ხელს შეუწყობდა ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას. და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მერიის იქ გადასვლამ? - საერთოდ არაფერი! თუ მთავრობას განათლების ახალი კერის გაჩენა ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინების მიცემა (ამ პროგრამის განხორციელება ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული და მისი მრავალგზის შესწორების საფუძველზე, საბოლოოდ, საერთოდ ამოაგდეს). სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.