პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მიზეზებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაიას არდანიშვნის შესახებ გაუმართლებლად მიიჩნევს. როგორც ბურჯანაძე ამბობს, ყოლბაიასა და მის პარტიას ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20% თავისი უგუნური ნაბიჯებით დაკარგა.
„ამას მიხეილ სააკაშვილი ბედავს იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ დააყენა საკითხი მისი იმპიჩმენტის, ვერ უზრუნველყო იმ პრეტენზიების სამართლიანად წაყენება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წაყენებული საქართველოს პრეზიდენტის მიმართ",- ამბობს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ „დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია მიხეილ სააკაშვილმა არ დაამტკიცა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად.
„ ეს ჯგუფი, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი თანამშრომლობით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. ახლა საქართველოს განსაკუთრებით, დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები",- აღნიშნა პრეზიდენტმა.