თბილისის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული 83 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილება შევა.
83 მილიონი ლარიდან 36 მლნ ლარი დაემატა დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტს.
"პარლამენტმა შეცვალა კანონი, რის საფუძველზეც, დასუფთავებაზე იქნება მოსაკრებელი და არა გადასახადი. ამდენად, ის უნდა აისახოს ბიუჯეტში. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში 1-ელ ივნისიდან შევა. მანამდე საკრებულოს მაისის სხდომაზე უნდა განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა. სავარაუდოდ, ეს სულზე 2,5 ლარი იქნება", _ აღნიშნა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ცვლილების პროექტით, 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია შიდაკვარტალური გზებისა და ეზოებში გზის საფარის მოწესრიგებისთვის. ეს თანხა გამგეობებზე გადანაწილდა და სამუშაოებს ისინი განახორციელებენ.
ასევე, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამაში გათვალისწინებულ თანხებს დაემატა ავარიული სახლების გამაგრებისთვის და სხვა სამუშაოებისთვის თანხები. ამ მიზნით დაემატა დაახლოებით 9 მილიონი ლარი.
შოშიაშვილის განმარტებით, კორპუსის გამაგრების სამუშაოებისთვის შეცვალეს დაფინანსების წესი. დაფინანსების თანაფარდობა იყო 60% 40%-ზე. პროექტის დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტი სამუშაოების 80%-ს დააფინანსებს, დანარჩენს კი კორპუსების მაცხოვრებლები.
ამასთან, გამოძახებების გახშირების გამო სასწრაფო დახმარების პროგრამას 1,200მლნ ლარი დაემატება. უფასო სასადილოების პროგრამას კი დაახლოებით 1,700 მლნ ლარი.
თბილისის ბიუჯეტი ამჯერად დაახლოებით 687,405 მლნ ლარს შეადგენს.