საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა იქნება ბიზნესის კეთების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში იქნება აუცილებლად სუფთა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო.
"ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ჩინოვნიკების დანიშნულება იქნება ხელი შეგიწყონ ნებისმიერ ბიზნეს წარმოებაში. ამ მხრივ, პირობები იქნება არანაკლები, ვიდრე არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესგარემო იქნება ისეთივე თავისუფალი, როგორიც არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
"ჩემი ინიციატივით იქნება სამი ფონდი, რომელიც ჩადგება ბიზნესის სამსახურში და საინტერესოს გახდის ჩვენ ბაზარს. ყველაზე საინტერესო იქნება თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც ბაჩიაშვილი კურირებს" , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში კომპლექსური გადასახადი არის 16% და ამ მხრივ ქვეყანა არის მეოთხე ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერი ბიზნესმენებს ყველა პრობლემის მოგვარებას თავად დაჰპირდა და განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება აუცილებლად გაიოლდება.
"ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ბაზარი არის ცარიელი და შესავსები, ბიზნესის წარმოება იქნება გაცილები იოლი, ვიდრე არის ევროპასა და ამერიკაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.