საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ძიუდოისტებს ამირან პაპინაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილის მისალოც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და პრემიერს სჯერა, რომ ქართველი ძიუდოისტები კიდევ ბევრ გამარჯვებას მოიპოვებენ.
"სასიხარულო ცნობა მოვიდა ბუდაპეშტიდან - ჩვენმა სახელოვანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვეს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ევროპის ჩემპიონებს ამირან პაპინაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს.
ჩემპიონატის პირველსავე დღეს ასეთი წარმატება იმედისმომცემია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ძიუდოისტთა გუნდს, თითოეულ მოასპარეზეს, ხოლო ჩვენს ხალხს ვუსურვებ გამარჯვებით სიხარული არ მოკლებოდეს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ამირან პაპინაშვილმა (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) ევროპის ჩემპიონობა გუშინ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მოიპოვეს.
დღეს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ.