იუსტიციის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" შალვა ნათელაშვილს ადარებს, პრეზიდენტს კი ტრაგიკულად წარმავალ ფიგურას უწოდებს. როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, მიიჩნევს, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე ტრაგიკული პირველი პირი, ვინც კი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ოდესმე ჰყოლია". იუსტიციის მინისტრის შეფასებით, პრეზიდენტი "მარტო დარჩენილი ერთი კაცია, რომელიც ძალაუფლებას ვეტოს გარდა ვეღარაფრით აჩვენებს".
თეა წულუკიანი ევროსაბჭოში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მათ რადიკალიზმში შალვა ნათელაშვილს გაუსწრეს".
"უმცირესობამ დაკარგა ის კონსოლიდირებული კლანური სახე, რაც უმრავლესობაში ყოფნისას ჰქონდა. ძალიან მარგინალები გახდნენ, რომლებიც ისეთი რადიკალიზმით გამოირჩევიან, ხანდახან შალვა ნათელაშვილს უსწრებენ ხოლმე. შალვა ნათელაშვილი არის რადიკალიზმის მამა საქართველოში. ნათელაშვილზე უფრო რადიკალი რომ იქნები, ე.ი რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა წულუკიანმა.