ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური თანამდებობის პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის წესს განმარტავს. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო აგიტაცია არ ეზღუდებათ. კომისია 24 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი კახიანის მხარდასაჭერად სამტრედიაში ჩასული ენერგეტიკისა და განათლების მინისტრები იძულებული გახდნენ თბილისში დაბრუნებულიყვნენ, იმ მოტივით, რომ საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ.
"საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას აკრძალულია იმ პირთათვის, რომელთაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ხოლო მე-2 მუხლის "ხ" პუნქტის თანახმად, მთავრობის წევრები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და შეუძლიათ ნებისმიერ დროს აწარმოონ წინასაარჩევნო აგიტაცია", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.