საქართველოს პრეზიდენტი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას ჯორჯ ბუშისა და ლორა ბუშის პირადი მიწვევით დაესწრო, - ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ქვეყნებისა და მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მიესალმა.
"ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველ ლედი მიშელ ობამაც ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ამერიკის ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და მისმა მეუღლემ როზალინ კარტერმა. ცენტრის გახსნას ჯორჯ ბუშის მშობლები - ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი და მისი მეუღლე ბარბარა ბუში ესწრებოდნენ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.