საქართველოს მთავარ პროკურატურას სისტემური დანაშაულის გამოძიების თემაზე კონსულტაციას გერმანელი ექსპერტი პამელა კნაუსი უწევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, მისი ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. საქმე ეხება საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ ფართომასშტაბიან გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც 2000-ზე მეტი პირი დაიკითხა.
"პამელა კნაუსი შტუტგარდის პროკურატურის პროკურორია და სისტემური დანაშაულის გამოძიების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა დანაშაულის სისტემური ხასიათი. გერმანელი ექსპერტის საქართველოში მოწვევის მიზანი, ქართველი კოლეგებისათვის სისიტემური დანაშაულის შეფასების საკითხში გამოცდილების გაზიარებაა. რადგან მსგავსი მასშტაბური დანაშაული საქართველოს რეალობაში არ გახსნილა და არ წარმართულა სასამართლოს წინაშე, საჭირო გახდა სათანადო კვალიფიკაციის მქონდე ექსპერტების მოწვევა, რათა მათი გამოცდილების გათვალისწინებით შეფასდეს მომხდარი და ფაქტებს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს", - განმარტავენ პროკურატურაში.
პამელა კნაუსი საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილსაც შეხვდა. შტუტგარდის პროკურატურის პროკურორი სამუშაო შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და კონსულტაციას გაუწევს პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შეფასებაში.
გერმანელი პროკურორის ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება.