UEFA-ს პრეზიდენტი, მიშელ პლატინი თბილისს ხვალ ეწვევა. პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
ფუტზალის ოთხთა ფინალზე დასასწრებათ, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის იქნებიან უეფა-ს ვიცე პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, კლუბების პრეზიდენტები.
ტურნირთან დაკავშირებით დიდია როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის დაინტერესება. აკრედიტაცია ასზე მეტმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა გაიარა.
ოთხთა ფინალის შეხვედრების ტრანსლაციებს ეუროსპორტ-ი გადასცემს. გარდა ამისა, რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა. საქართველოდან ეს უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.
UEFA-ს ფუტსალის თასისთვის 26 და 28 აპრილს იბრძოლებს ოთხი გუნდი, ქართული "იბერია სტარი", "დინამო მოსკოვი", "ბარსელონა" და ყაზახური "ქაირათი".
ტურნირი ხვალ, 18:00 საათზე მასპინძელი "იბერია სტარის" და "დინამო მოსკოვის" მატჩით გაიხსნება; 20:30 საათზე "ბარსელონა"-"ქაირათის" შეხვედრა დაიწყება.
28 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:30 საათზე - ფინალი.
ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება. დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს.