სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
უწმინდესმა ახალგაზრდები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა.
"ნამდვილად ისტორიული დღეა, რომ ახალგაზრდა ადამიანების მიერ დაარსდა პარლამენტი", - აღნიშნა პატრიარქმა და მიმართა ახალგაზრდებს, რომ ეს მათთვის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც არის ღვთისა და ერის წინაშე.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ღვთის ნებაზე. ამიტომ ჩვენი ენერგია უნდა დავუახლოვოთ ღვთის მადლს, ენერგიას, უნდა მოხდეს სინერგია. თუ ჩვენი ენერგია ღვთის ენერგიას დაშორდება, ჩვენ სიკეთეს კი არა, ბოროტებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენ. ადვილია კრიტიკა, მით უმეტეს სხვა ადამიანების. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენს მოღვაწეობას, თუ თქვენ გექნებათ კავშირი უფროს თაობასთან", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ მივედით თითქმის უფსკრულთან და ამ უფსკრულიდან გამოგვაცილა უფალმა, ამით მოგვცა იმედი კეთილისმყოფელობის.
პატრიარქმა მიმართა ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, რადგან ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ქართველებს გაქვს, არის ის, რომ ჩვენი ნათქვამი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია და სხვებს არ ვუსმენთ.
"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სხვებს და ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, იქონიეთ კავშირი უფროს თაობასთან", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა ხშირად აკრიტიკებს მშობლებს, ახლობლებს, ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც თვითონ იწყებს ცხოვრებას, ამ რთული გზის გავლას, თვითონვე ხდება ისეთი, როგორც მისი მშობლები და უფროსი თაობა იყო, თავად ხდება მედროვე. უწმინდესმა მიანიშნა ახალგაზრდებს, რომ ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყვნენ.
"ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს", ეს არის მითითება იმაზე, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, რომ გქონდეთ თქვენ მტკიცე სარწმუნოება, მართლმადიდებელი", - ბრძანა უწმინდესმა ახალგაზრდა პარლამენტარებთან შეხვედრაზე.
უწმინდესმა უსურვა ახალგაზრდებს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და თავმდაბლობა, რადგანაც, პატრიარქის თქმით, უფალი თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.
პატრიარქმა ახალგაზრდა პარლამენტარებს საჩუქრად მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონები გადასცა.
2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა 2 მაისს ქუთაისის პარლამენტში გაიმართება. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.