"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ოთხ ახალ ინიციატივას სთავაზობს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შემდგომი სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები ვითარების გამოსწორებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით:
1. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით, აუცილებელია, მოხდეს გადასახადების შემცირება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება;
2. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ამიტომ დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია, დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 2-წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;
3. დასაქმების ზრდა შეუძლებელია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, ამისათვის კი აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება;
4. ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები აშშ-სთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.