ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კრიტიკას პასუხობს. შეგახსენებთ: პაპუნა დავითაიას განცხადებით, შეჩერდა მნიშვნელოვანი პროექტები, გზებისა და ხიდების მშენებლობა, რამაც უმუშევართა რაოდენობა გაზარდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და მოუწოდებს დავითაიას, თუ რეალურად აინტერესებს, რა პროექტები ხორციელდება მიმდინარე წელს, რეალურად გაჩერდა თუ არა რომელიმე პროექტი, მიბრძანდეს სამინისტროში ან ეწვიოს სამინისტროს ვებ-გვერდს და მოიხადოს ბოდიში მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.
ამასთან, სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს ოპოზიციას და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.
კერძოდ, გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში აღწევს დაახლოებით 87 ლარს მაშინ, როცა 2012 წლის პირველ კვარტალში 55 მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
„ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა... ინტენსიურად მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ავტომაგისტრალის სამ მონაკვეთზე,“ – აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ 2012 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წელს ყველა მაჩვენებელში მზარდი მონაცემი აქვს.