ქართველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მათი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ისურვებდა, ევროკავშირმა კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს საქართველოში სხვადასხვა საკითხებში. ეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სამეზობლო ბარომეტრის 2012 წლის შემოდგომის კვლევის შედეგად გაირკვა.
კვლევა ევროკავშირის დაფინანსებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
კვლევის შედეგად, რომელიც 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და, რომელშიც 1 004 ინტერვიუერი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ ქართველთა 71% ევროკავშირს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, 62% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს საკმარისი საერთო ღირებულებები აქვთ თანამშრომლობისთვის – რაც საშუალოზე მაღალია ENPI-ის აღმოსავლეთ რეგიონისთვის.
გამოკითხულთა უმრავლესობას (92%) სურს ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, 87%-ს – ვაჭრობაში, 87%-ს – ადამიანთა უფლებების დაცვაში, 85%-ს – დემოკრატიაში და 83%-ს რეგიონულ თანამშრომლობაში.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქართველთა 71% ენდობა ევროკავშირს იმაზე მეტად, ვიდრე სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებს ისეთს, როგორიც გაერო და ნატო-ა და იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ ხელისუფლებას (65%), პარლამენტს (62%) ან პოლიტიკურ პარტიებს (46%).
გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ევროკავშირს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, განსხვავებით რესპონდენტთა 8%-სგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ურთიერთობები ცუდია.
გამოკითხული ქართველები, განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობისგან, პესიმისტურად არიან განწყობილი საკუთარი ცხოვრების მიმართ – 67% უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, თუმცა ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი გაიზარდა უფრო ახალგაზრდა და უფრო განათლებულ რესპონდენტებში. თუმცა, რესპონდენტები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი ქვეყნის არჩეული გზის მიმართ: გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, 20% ამას არ ეთანხმება. მაშინ, როცა 75% ფიქრობს, რომ ქვეყნაში ცუდი ეკონომიკური სიტუაციაა, 64% დარწმუნებული იყო, რომ მომდევნო წელს ის გაუმჯობესდება. საქართველოში არსებული დემოკრატიით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 29% აღმოჩნდა.
კვლევის შედეგები ”ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინფორმაციო ცენტრის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.