საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად , ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
"ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა - მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა. მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე შეხვედრების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.