ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა .
როგორც ჩავლეიშვილმა განაცხადა, შენობაში ბათუმის მერია განთავსდება, რადგან არსებული ფართი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის საკმარისი არ იქნება. მისივე თქმით, შენობა დაუმთავრებელია და სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალება მხოლოდ თვითმმართველობას აქვს.
"თვითმმართველობა არის ორსართულიან შენობაში, სადაც ვერ თავსდება. მოგეხსენებათ, ვერც ერთ ჭკუადამყოფელს ვერ მოუვა აზრად, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდეს, რადგან ძალიან პატარა ფართია. ტრადიციულად, ზემოდან წყალი ჩამოდის, დაუმთავრებელია შენობა. მხოლოდ თვითმმართველობას აქვს იმის საშუალება, რომ რემონტი დაამთავროს, სადაც, შემდეგ განთავსდება სხვადასხვა სამსახურები", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
შენობაში სარემონტო სამუშაოები პირველ, მეორე და მესამე სართულებზე ნაწილობრივ დასრულებულია, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილის სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.