კავკასიის ფონდი გაზეთ "იზვესტიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს. როგორც რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ფონდის პრეზიდენტმა გივი ღამბაშიძემ განაცხადა, "კავკასიის ფონდი" საერთოდ არ იცნობს ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულ ტამერლან ცარნაევს.
"ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის და "კავკასიის ფონდისთვის" და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის. ისეთი ბრალდებაა, რომელმაც აღმაშფოთა და გამაკვირვა. ამას საბოლოო ჯამში სტრასბურგამდეც მივიტანთ, რადგან ეს ცილისწამებები ისჯება არა მარტო ბიბლიურად, არამედ სამართლებრივადაც. "კავკასიის ფონდმა" "იზვესტიას" წინააღმდეგ საპროტესტო ნოტაც შეიმუშავა. ეს ნოტა უკვე გავუგზავნეთ "იზვესტიას" და ვიმედოვნებთ, რომ ამ წერილს გამოაქვეყნებს ", - აღნიშნა ღამბაშიძემ.
ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ "კავკასიური ფონდი" აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამ სასაზღვრო რაიონში მუშაობდა. რაც შეეხება საპროტესტო ნოტას, მასში აღნიშნულია, რომ "კავკასიის ფონდი" არ აწარმოებდა შეერთებული შტატებისა და საქართველოს სასარგებლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლების გადმობირებას.
"კავკასიის ფონდი" უარყოფს გაზეთ "იზვესტიის" ცილისწამებას, თითქოს იგი ჯეიმსთაუნის ფონდთან ერთად აწარმოებდა შეერთებული შტატებისა და საქართველოს სასარგებლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლების გადმობირებას. ფონდს ამ თვალსაზრისით არ ჩაუტარებია არავითარი ღონისძიება და სემინარი. კავკასიის ფონდი არ იცნობს ტერაქტში მონაწილე ტამერლან ცარნაევს და ყოფილა თუ არა ის საქართველოში, მისთვის უცნობია. კავკასიის ფონდი უარყოფს ბრალდებას, თითქოს მისი ამოცანებია ჩრდილოკავკასიელთა ჩართვა რუსეთის სამხრეთ რაიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობილებების გასაღვივებლად. კავკასიის ფონდი ადასტურებს, რომ მისი დედა ამოცანა იყო და არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამეცნიერო, აკადემიური, კულტუროლოგიური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა-განვითარება. ეს ინფორმაცია არის მორიგი მცდელობა, მსოფლიოში საქართველოს კიდევ ერთხელ დადანაშაულებისა. ამ ძალების ქმედება მიმართულია საქართველოს, კავკასიის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და საკუთრივ რუსეთის საწინააღმდეგოდაც. ვფიქრობთ, ამ საინფორმაციო ომის ერთ-ერთი საფუძველი ისიცაა, რომ კავკასიის ფონდის პრეზიდენტი კავკასიის ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების, ისრაელისა და პოლონეთის ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ წარდგენილია 2013 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე", - განახცადა ღამბაშიძემ.
რუსულმა გამოცემა "იზვესტიამ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა.
გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, "კავკასიური ფონდი" ფონდ "ჯეიმსთაუნთან" ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა. ჭანტურია წერს, რომ "კავკასიური ფონდი" 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა. შესაბამის დეპარტამენტში შევიდა სადაზვერვო ოპერაცია, სახელწოდებით "დარიალი". ფონდის ძირითად ამოცანას რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება წარმოადგენდა", - წერს "იზვესტია".
გამოცემის ინფორმაციით, ჭანტურიას ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დასაფინანსებლად "ყოველთვიურად 33 ათასი ლარი გამოიყოფოდა, ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მის დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ 4,058 მილიონ ლარი შეადგინა".
"დოკუმენტში საუბარია, რომ "კავკასიური ფონდი" აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამ სასაზღვრო რაიონში მუშაობდა – ზაქათალის, კახისა და ბელოკანის. ამავდროულად, თბილისის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი დასვკნაში აცხადებს, რომ ჩეჩნეთში საქართველოს სპეცსამსახურები "კავკასიური ფონდის" და "ჯეიმსთაუნის" მეშვეობით პოულობენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ საქართველოს. ამ ადამიანებს უმნიშვნელო მიზეზებით სხვადასხვა ღონისძიებებზე იწვევენ. ამ სემინარებზე კი ხდება რუსების გადაბირება და მათ ტერორისტული აქტებისთვის ამზადებენ", - წერს "იზვესტია".