პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვის საკითხი ზუსტად ისე დარეგულირდეს, როგორც ამას სადღეისოდ მოქმედი კანონი ითვალისწინებს .
მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებების პროექტში აღნიშნული საკითხი ზუსტად ისევეა რეგულირებული, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს.
კერძოდ, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
მთავრობის ინიციატივითა და მმართველი გუნდის მხარდაჭერით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, აღნიშნული ნორმა მთლიანად იცვლება და ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა, ბრალდების მხარესთან შეთანხმების საგანი ხდება.
"ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუგზავნა.