საპარლამენტო უმრავლესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებსა და მის ალტერნატიულ ვარიანტს ჯერ არ იცნობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიხეილ სააკაშვილისგან ალტერნატივად ისეთი საკანონმდებლო წინადადების შეთავაზებას არ ელის, რომელსაც პარლამენტი გაზიარებს და მხარს დაუჭერს.
"ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე ისეთი წარმოადგინოს, რაც გასაზიარებელი იქნება. თუკი პარლამენტს მართლაც ისეთ წინადადებას შესთავაზებს, რაც გასაზიარებელია, რა პრობლემაა - გავიზიარებთ, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხმალაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება უკვე მეორედ გამოიყენა და ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ ორ საკანონმდებლო ინიციატივას არ მოაწერა ხელი.
მან ვეტო დაადო "საერთოდ სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს და ასევე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა ბრალდების მხარესთან შეთანხმების საგანი ხდება.
კონსტიტუციით დადგენილი წესის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა პარლამენტს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები უნდა გადაუგზავნოს, ანუ მან უნდა დაწეროს, თუ რატომ არ მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და კანონმდებლებს საკუთარი ვარიანტი შესთავაზოს.
ვეტოს დაძლევის პროცესში პირველად კენჭისყრაზე სწორედ პრეზიდენტის ინიციატივა დგება.