საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსულ გამოცემა "იზვესტიაში" გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.
როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, გამოცემაში გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს.
"ეს განცხადებები ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, როდესაც ქვეყნის შიგნით, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტის გამოყენებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელაღებით ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ საქართველო იყო ტერორისტების ბუდე", - აცხადებს დარჩიაშვილი.
ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "იზვესტია" ავრცელებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.
"იზვესტიას" ინფორმაციით, "ჯეიმსთაუნის" დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი" ზბიგნევ ბზეჟინსკი შედიოდა.