"კავკასიის ფონდი" რუსული გამოცემა "იზვესტიას" სტატიის საპასუხოდ განცხადებას გაავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდის პრეზიდენტმა, გივი ღამბაშიძემ განუცხადა, სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება და მიმართულია, როგორც საქართველოს, ისე კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ.
"მგელი მგლობას არ იშლის. გაუგონარი ამბავია, "კავკასიის ფონდმა" ამტკიცოს, რომ ტერორისტებს არ ამზადებდა. ცარნაევი საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, ჩვენ მას არ ვიცნობთ. ასე არაკვალიფიციურად როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები", - აღნიშნა გივი ღამბაშიძემ.
რუსულმა გამოცემა "იზვესტიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა.
გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული ორგანიზაცია "კავკასიური ფონდი", ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნთან" თანამშრომლობით, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა აშშ-ისა და საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაბირებაზე მუშაობდა.
"კავკასიის ფონდის" ძირითად ამოცანას რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება წარმოადგენდა", - წერს "იზვესტია".