სასჯელაღსრულების მინიტრი სოზარ სუბარი #16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთნის ციალა კაშიას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, ციალა კაშიას დაწესებულებაში შესვლამდე ჩატარებული ჩხრეკისას მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დაადასტურებენ.
"ამ თემაზე მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს", - აღნიშნა კორძაიამ და "ინტერპრესნიუსი" სად-ში გადაამისამართა.
დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთნის ბრალდება კი, უშუალოდ სოზარ სუბარს ეხება.
კერძოდ, კაშია დაწესებულებიდან სოზარ სუბარის 18 აპრილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ციხეში ტელეფონის ფარული შეტანის მცდელობის გამო თავისუფლდება სამსახურიდან.
ციალა კაშიას აღნიშნულ ეპიზოდზე აქვს ბრალი წაყენებული, თუმცა აცხადებს, რომ სასამართლო ჯერ არ არის დასრულებული და მინისტრის ბრძანება უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს.
ამასთან, კაშია ფარულად მობილურის შეტანის მცდელობას უარყოფს. მისი განცხადებით, დაწესებულების საჩხრეკ ოთახში ტელეფონით შესვლა დარღვევა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ტელეფონს ოთახში ტოვებენ.
კაშიას თქმით, მასზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ჩხრეკა დარღვევებით ჩაუტარეს, მთლიანად გააშიშვლეს და ცდილობდნენ ნარკოტიკული საშუალების ჩადებას.
რაც შეეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ციალა კაშია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანიც იყო, საიდანაც ასევე გაათავისუფლეს.
"სასწრაფოდან გათავისუფლების შემდეგ, ნიღაბი ჩამოვხსენი სამსახურის დირექტორს და მის მოადგილეებს, რომლებიც ნაციონალების, კერძოდ მამუკა ქაცარავას დავალებებს ასრულებდნენ. ამის შემდეგ, ჩემზე დაიწყო ანგარიშსწორება და სასჯელაღსრულებაში ჩანერგილი პირების მეშვეობით უსაფუძვლო ბრალი წამიყენეს", - განაცხადა ციალა კაშიამ, რომელიც სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე რამდენჯერმე დაიბარეს.