საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" არაკვალიფიციური სიუჟეტის მომზადებაში ადანაშაულებს. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიუჟეტში საუბარი იყო შეზღუდული შესაძლებლობების არასრულწოვანი ბავშვის პირად ცხოვრებაზე და ამ სიუჟეტის გაშვება ყოველგვარი სტანდატრების დაცვის გარეშე მოხდა.
"ამ სიუჟეტში საუბარია ვერსიაზე, რომელიც აპრიორი ვიცით, რომ არ არის სწორი. ასევე, არასრუწლოვანის ჩაწერა არ არის სწორი; ასევე არ არის სწორი, რომ არ მომართეს ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლების სამინისტროს. მოვუწოდებ მედიას, ყურადღება გაამახვილოს იმ სტანდარტებზე, რომლითაც ისინი აშუქებენ ამ სიუჟეტს", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომლებიც გაერთიანებულები არიან ეთიკის საბჭოში, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ სიუჟეტს.
"ეს იყო აბსოლუტურად არაკვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება. საუბარი ეხება ბავშვის პირად ცხოვრებას, გუშინდელმა სიუჟეტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თემა გაშუქდა ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.