საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ორი ახალი ვერცხლისფერი ავტომობილის შეძენას გეგმავს. შესაბამისი ელექტრონული სატენდერო განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამინისტრო ორი ერთეული მსუბუქი, მაღალი გამავლობის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვას გეგმავს.
ავტომობილები 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული და გარბენი 40 კმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. ორივე ავტომობილი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს უახლოეს თანამედროვე ტექნიკურ მახასიათებლებს – ჰქონდეს კომფორტული სავარძლები თავის მისაყრდენებით, მძღოლისა და წინა მგზავრის სავარძელი რეგულირებით, ინტერიერის განათება, უკანა ხედვის შიდა სარკე დაბურვადი, წვიმის სენსორი და ა.შ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 500 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 26 აპრილს იწყება და 30 მაისს დასრულდება.