მმართველ გუნდს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერა ანუ სულ მცირე 89 დეპუტატის მობილიზება სჭირდება. უმრავლესობა სულ 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული მაჟორიტარების მხარდაჭერა დასჭირდება.
კონსტუტუციით დადგენილი წესით, როცა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელს არ აწერს, პარლამენტს უკან საკუთარი შენიშვნებით უბრუნებს. პარლამენტი თავდაპირველად კენჭს სწორედ პრეზიდენტის შენიშვნებს უყრის. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც მოცემული კანონპროექტის მისაღებად კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნების მიღების შემთხვევაში, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც შვიდი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
იმ შემთხვევაში კი, როცა პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იღებს და კენჭისყრის შედეგად მის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს ჩააგდებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ დროს კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი დაუჭერს. კონსტიტუციის შესწორება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
კონსტიტუციის თანახმად, თუკი პრეზიდენტი დადგენილ ვადაში კანონს არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენა და ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ ორ საკანონმდებლო ინიციატივას არ მოაწერა ხელი.
პრეზიდენტმა ვეტო დაადო "საერთოდ სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს და ასევე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა ბრალდების მხარესთან შეთანხმების საგანი ხდება.