შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ". ამის შესახებ ღარიბაშვილი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.
"დათა ახალაია იყო კუდ-ის ხელმძღვანელი და მას ხელი მიუწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე, ამიტომ ჩვენს უწყებასთან მისი თანამშრომლობა საინტერესო იქნება. გამორიცხული არ არის, აქედან გამომდინარე, მას შეღავათიც გავუწიოთ. თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს გამართულ აქციაზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა რუსთაველის გამზირზე ანგარებით იყო მისული.
"19 აპრილის საპროტესტო აქცია იყო დამარცხებული პოლიტიკური პარტიის აქცია. ყველამ კარგად იცის, რა გზებით და მეთოდებით შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ანგარებით იყო მისული", - განმარტავს ღარიბაშვილი.
მისივე შეფასებით, "ცუდი ტონი იყო, რომ პრეზიდენს მისმა ყოფილმა შს მინისტრმა აქციაზე ზურგი შეაქცია" და სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას იქაურობა დატოვა.