საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროპის საბჭოზე გამოსვლამ საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებაში შეკითხვები კი არ მოხსნა , არამედ გააღრმავა და გაამრავლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან ნათელი მოთხოვნები რუსეთთან და ამაში ევროპა საქართველოს გვერდითაა. გაბაშვილის განცხადებით, მხოლოდ ევროსაბჭოს 5 რეზოლუცია აქვს მიღებული, სადაც კონკრეტული შეფასებებია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
როგორც უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, გუშინ ევროპელი კოლეგები ელოდებოდნენ, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, პრემიერი ახსენებდა იმ მოთხოვნებს რუსეთის მიმართ, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციებში იყო.
"ამის მაგივრად, ყველგან, როდესაც ეთნიკური წმენდა იყო ნახსნები და ამაზე პუტინის პასუხისგებლობა, ივანიშვილმა გაატარა ეს საკითხი. ვერ ახსენა პუტინის გვარი და ამის მაგივრად შიდა კრიტიკას, სააკაშვილის კრიტიკას მიჰყო ხელი", - განაცხადა გაბაშვილმა.