პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პირველ შემთხვევაში საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. ხოლო მეორე შემთხვევაში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან.
"სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება", – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
მისივე თქმით, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. "საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცენდენტს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება", – განაცხადა ბარნოვმა და დასძინა, რომ ამგვარი ცვლილება საშუალებას იძლევა, მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღებისას საბჭოზე ზემოქმედება განხორციელდეს.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მასზე ვეტოს დადების მიზეზად დასახელდა ის, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით პროექტი დამატებით რისკებს შეიცავს და ამ პოზიციას იზიარებს არასამთავრობო სექტორიც. როგორც ბარნოვმა განაცხადა, პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება მიეცა საზოგადოებისთვის.
საფუძვლად დაედო ასევე ის, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისთვის პროექტი დამატებით რისკებს შეიცავს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნება.