მოსკოვი მზადაა თბილისის ნებისმიერ ნაბიჯს უპასუხოს, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმედი მაქვს, საქართველოს ახალი ხელისუფლება უფრო მორგებული და მისაღები იქნება ქართველი ხალხისთვის იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც ევროპული ორგანიზაციების მოხსენებების მიხედვით არსებობდა. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს საქართველოს მთავრობის მხრიდან და მზად ვართ მათ ვუპასუხოთ, მით უმეტეს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, თავისუფლად დაამყარონ ურთიერთობები, რაც უკავშირდება ეკონომიკურ კავშირებს, ვაჭრობას. ჩვენ ახლა, ისევე, როგორც საქართველო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ და გაგვაჩნია საერთო წესები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. ეს ასევე შეეხება ჰუმანიტარულ კავშირებს, რომელიც არასდროს შეწყვეტილა. საკმაოდ ბევრი ქართველი ხელოვანი მოღვაწეობს რუსეთში - ქართველი რეჟისორები და მსახიობები ჩამოდიან რუსული თეატრების მუშაობაში მონაწილეობისთვის. საკმაოდ ხშირი ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდებს. ცოტა ხნის წინ შედგა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და მეცნიერების შეხვედრა", - განაცხადა ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
აღნიშნულ კონტექსტში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ის ორ ქვეყანას შორის ურთერთობების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარებას მიესალმება.
სერგეი ლავროვის განცხადების ქართულ თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.