საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრისგან ევროპის საბჭოში საქართველოს სახელმწიფოს და არა პარტიული ინტერესების დაცვას ელოდა.
ამის შესახებ ბაქრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"გამოსვლის ნაწილში მე აღვნიშნავდი სწორ და პოზიტიურ მესიჯს, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც შეეხება კითხვა-პასუხს, მთავარი პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ყველა კრიტიკურ კითხვაზე, გახლდათ მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სიცრუე და ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი. მე არ ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში, ასეთი ფორმით კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებთან და მათი დადანაშაულება სიცრუეში ან არაინფორმირებულობაში გამოადგება საქართველოს ამ ორგანიზაციაში სამომავლოდ. მეორე და მთავარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დარბაზში წარმოადგენს არა მის პარტიას, არა მის უმრავლესობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მთავარი, რასაც მე მისგან ველოდი, გახლდათ საქართველოს სახელმწიფო და არა პარტიული ინტერესების დაცვა", - განაცხადა ბაქრაძემ.