ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე აეროპორტში "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეთა ახალ ჯგუფს დახვდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება ნათლად გამოხატავს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის არსს. ელჩის განცხადებით, დღეს დილით ის აეროპორტში დახვდა ავღანეთიდან ჩამოსულ ქართველ ჯარისკაცებს, ხოლო საღამოს ის უკვე ხვდება მოხალისეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან როგორც მეგობრები, რათა ხელი შეუწყონ ურთიერთობების გაღრმავებას.
რაც შეეხება მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს, საქართველოში დღეს ოცდაცამეტი მოხალისე ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც ივლისში მოხალისეთა ეს ჯგუფი მუშაობას შეუდგება, საქართველოში მათი რაოდენობა უკვე სამოცდათორმეტს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 481-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. დღევანდელი ჯგუფი რიგით მეცამეტეა, მის შემადგენლობაში ინგლისური ენის ცხრამეტი მასწავლებელი და არასამთავრობო და სოციალური განვითარების სექტორის თოთხმეტი კონსულტანტია. მუშაობის დაწყებამდე მოხალისეები თერთმეტ კვირიან ტრეინინგს გაივლიან, რომელიც მოიცავს გაკვეთილებს ქართულ ენაში, კულტურულ, ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოში ცხოვრების გაადვილების მიზნით, მოხალისეები ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში საშუალო სკოლებში ინგლისურ ენას შეასწავლიან, ასევე ქართველ პარტნიორებთან ერთად არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებში იმუშავებენ.