"საერთაშორისო გამჭვირვალობა−- საქართველოს" განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში პრემიების გაცემა კვლავ გაუმჭვირვალედ გრძელდება.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილის ახალი ხელმძღვანელობა წინამორბედების მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს და თანამშრომლებზე პრემიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცემს. ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველ ერთეულებში პრემიის სახით, ჯამში, 775 328 ლარი იქნა გაცემული. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, პრემიები მიმდინარე წელს არ გაუცია. პრემიების გაცემის დროს კვლავ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენციები, კერძოდ: პრემიის გაცემა ხდება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით – სათანადო დასაბუთების გარეშე; გაუგებარია, რა განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის გაიცემა პრემიები საჯარო მოხელეებზე; ასევე, გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში".
ამასთან, მისი ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 17 აპრილის სხდომაზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებზე მორიგი ფულადი დახმარება-პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"მიუხედავად იმისა, რომ ხშირად პრემიების გაცემა საჯარო სამსახურში არსებული დაბალი ხელფასითა და კვალიფიციური კადრების მოზიდვით არის განპირობებული, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სამართლის ჩარჩოებში მარტივად არის შესაძლებელი. კერძოდ, აუცილებელია, მოხელეთა სახელფასო განაკვეთის იმგვარად შემუშავება, რომელიც მისი გაცემის უფრო მოქნილ და გამჭვირვალე წესს დაამკვიდრებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.