საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს, დანარჩენ სამყაროს საკუთარი თავი გააცნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროპის საბჭოში გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ნორლანდმა აღნიშნა, გამოსვლის სრული ვიდეოვერსია არ უნახავს, მხოლოდ ცოტა ხანს უყურა, თუმცა, როგორც იცის, პრემიერმა გამოსვლის გარდა შეკითხვებსაც უპასუხა.
"შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს, საკუთარი თავი გააცნოს დანარჩენ სამყაროს. პრემიერი უკვე იყო ადრე ბრიუსელში. დღეს ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სხვა შეხვედრებთან ერთად შეხვედრას გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული ევროპული საზოგადოებისთვის ვითარების გაცნობა იყო.
ამასთან, ნორლანდმა აღნიშნა, რომ წელსვე იგეგმება შეერთებულ სტატებში საქარველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტიც.