საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშება, რადგან ეს მძიმე შედეგებს მოიტანს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა შემდეგი, რომ თურმე ერთადერთი განსხვავება არის, რომ კოსოვომ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი საკუთარ ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა არ დაუშვა დამკვირვებლები, ამიტომ აფხაზეთს და ოსეთს ამის გამო გაუჭირდებათ წარმომადგენლობა ევროსაბჭოში. მე მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრს, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ასეთი შედარებები შეიძლება, გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა ქართველმა პოლიტიკოსმა. ყოველგვარი პარალელების გავლება ამ სტილის არის სამართლებრივად სრულიად მიუღებელი და ამას შეიძლება, ქვეყნისთვის არასასურველი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. როცა დეპუტატი გეკითხება, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზების და ოსების მიმართ, ამას საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არ უნდა პასუხობდეს იმას, რომ მართლაც ბევრი შეცდომები დავუშვით გასულ წლებში. ეს არ არის ის, რისი მოსმენაც ჩვენგან მსოფლიოს სურს. რადგან მაშინ ჩვენ ვინღა დაგვიცავს, თუ ჩვენ არ ვიცავთ საკუთარ თავს. ვინღა ჩამოვა აქ, ვინღა დაგვიდგება გვერდით, თუ თავად საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით და მომავალში აღარ გავიმეორებთ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშებით, რადგან ამას შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს, რომელსაც მერე ვეღარასოდეს გამოვასწორებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.