საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ევროპელი დეპუტატების კითხვები მოულოდნელი არ ყოფილა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატები კარგად იყვნენ მომზადებული, თუმცა მათ დასვეს კითხვები, რომელიც ქართულ საზოგადოებაშიც არსებობს.
"არაფერი ახალი არ ყოფილა, შესაბამისად პასუხი ჩემთვის მოულოდნელი და მძიმე არ იყო. მარტივად ვუპასუხე ყველა კითხვას", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს უკანასკნელ დადგენილებაზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ახალი მთავრობა გაკრიტიკებულია კერძო ტელევიზიის შევიწროებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ამ ფაქტს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებს.
"ევროსაბჭომ გამოიტანა დადგენილება, რომ ჩვენ კერძო ტელევიზია "იმედი" დავაყაჩაღეთ. ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია?! - წინა ხელისუფლებამ. სინამდვილეში ყველას ახსოვს რა მოხდა "იმედში" 2007 წელს, როგორ შეიჭრნენ, როგორ წაართვა სააკაშვილმა ის მფლობელს და როგორ იყენებდა ამას მთავრობა, ვიდრე ჩვენ არ მოვედით. ის დღეს მფლობელს დაუბრუნდა. წინა ხელისუფლებამ მოახერხა ცრუ ინფორმაციის შეტანა ევროსაბჭოში და გამოქვეყნდა ასეთი დადგენილება, რომ კერძო ტელევიზია შევავიწროვეთ. ამ დროს მოხდა პირიქით. ეს არის წინა ხელისუფლების ხელწერა, მაგრამ ამასაც დასასრული მოუვიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.