საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობებთან აბსოლუტურად გამჭვირვალე და გახსნილი ურთიერთობები აქვს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"როგორც ეთნიკური, ისე ყველანაირი უმცირესობების მიმართ, პირადად მე და ჩემს გუნდს ძალიან გახსნილი ურთიერთობები გვაქვს, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები. მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ საქართველოში თუკი ამ მიმართულებით რაიმე ხდებოდა ან მოხდება ქვეყანაში, ძალიან მკვეთრი რეაქციები იქნება ხელისუფლების და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. საერთოდ, მე არ მიმაჩნია, რომ საქართველო ამ მხრივ და ამ კუთხით არის განსაკუთრებული ევროპაში. ძირითადად ეთნიკური უმცირესობების პრობლემა საქართველოში ტოტალურად არ არსებობს. არის მხოლოდ მცირე პრობლემები, სხვადასხვა კუთხის, რომელზეც ადექვატური რეაქციები კეთდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს გუნდს, ჩვენი კოალიციის წევრებს აბსოლუტურად გამჭვირვალე ურთიერთობები გვაქვს ნებისმიერი უმცირესობების მიმართ, ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ასევე იგრძნონ თავი", - განაცხადა ივანიშვილმა.
"წინასაარჩევნო პროცესში მე თითქმის ყველა რეგიონში ვიყავი და მიწევდა შეხვედრა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან. ასევე სომხებთან და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. მე მათთან ძალიან მეგობრული ურთიერთობები დავამყარე. ასევე, შემიძლია, ხაზი გავუსვა უმცირესობასა და რეგიონულ ენებთან დაკავშირებით, ვიცი, რომ შეკითხვები ამაზეც არსებობს. გარწმუნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს გავაკეთებთ, მათ თავი იგრძნონ ჩვეულებრივ მოქალაქეებად და საქართველო მათთვის იყოს ისეთივე ჩვეულებრივი სამშობლო, როგორც - ქართველებისათვის. მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ცუდია, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ის ვალდებულება, რაც ენებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წინაშე გვაქვს აღებული და აქაც ხაზს გავუსვამ, რომ ენებთან დაკავშირებით, პრობლემა არ არსებობს. პრობლემა უფრო მეტად არსებობს, რომ აითვისონ სახელმწიფო ენა, რაც მათ საზოგადოებაში უფრო სრულყოფილი ინტეგრაციის საშუალებას მისცემს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.