საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტების საშიშროება კიდევ არსებობს".
ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ თანამშრომლობის (ევროპასთან) გაგრძელებისთვის, თუმცა, საქართველოს მომავალი განვითარების ჩვენი ხედვა, ჩვენი ოცნება, მარტო ამით არ შემოიფარგლება. მე კარგად გავეცანი დღევანდელი ევროპის მშენებლობის ისტორიას და მივხვდი, რომ ერთიანი ევროპის მშენებლობა, პირველ რიგში, ეს არის პროექტი მშვიდობისათვის. ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს, რომ გასული საუკუნე დამანგრეველი იყო პატარა ქვეყნებისთვის, რადგან ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ მუდმივად საომარ მოქმედებებსა და კონფლიქტებში იყვნენ ჩაბმული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია კვლავაც ხორციელდება. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. სამწუხაროდ, კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება ჩვენს რეგიონში. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა. ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა წარვმართოთ დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა. ახალი პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, რუსულ ბაზარზე ვაბრუნებთ ქართულ პროდუქციას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. რუსეთთან ურთიერთობაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ურთიერთობისთვის. ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას არ ვაპირებთ. 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რაც 2013 წლის 7 მარტს გაამყარა საპარლამენტო რეზოლუციით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ამ რთულ პროცესში, როგორც არასდროს, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა სჭირდება".
"თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს დამოუკიდებლად აგვარებს და პარტნიორების მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. ჩვენ რეალისტურად ვუყურებთ საქართველოს შესაძლებლობებს. ვაღიარებთ, რომ საქართველო არის მცირე რეგიონალური ძალა ერთობ არასტაბილურ გარემოში. შეუძლებელია მდგრადი მომავლის აშენება სამხედრო ძალის დემონსტრირებით. მეორე მხრივ, შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარებაში წარმატების მიღწევა, თუ საქართველოსაგან მოელიან კანონიერი ინტერესების, განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების შინ დაბრუნების უფლების უგულებელყოფას. ამ ურთიერთობის მოწესრიგება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიისთვის იქნება ნაყოფიერი. განზრახული გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტების გამოყენება ჩვენს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას დემოკრატიაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოება, ერთიანობა და კეთილდღეობა დიდწილად სწორედ ჩვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული", - განაცხადა ივანიშვილმა.