ჩემი ქვეყნისთვის თქვენს რიგებში ყოფნა ძალიან საამაყოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ევროსაბჭოს ტრიბუნას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანამ მძიმე წარსული გამოიარა.
"ევროპული ღირებულებების დამკვიდრების გზას თქვენ საუკუნეებია ადგახართ, ჩვენ კი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნები, სულ ახლახანს შემოგიერთდით. ჩვენ მძიმე წარსული მოგვყვება და სწორედ ამიტომ აქვს ამ წარმატებულ ინსტიტუტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ერთიან ევროპაში სრულყოფილი ინტეგრირების გზაზე. თქვენ ბრძანდებით მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეესხას ხორცი ევროპულ ოცნებას მშვიდობიან თანამშრომლობაზე. თქვენ ამ ხედვის მარტო ავტორები კი არ ხართ, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებთ იმისათვის, რომ რეალურად დანერგოთ ეს ხედვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ათასობით პროექტი, შეხვედრა და კონსულტაციები, რომლებსაც თქვენ ყოველწლიურად ახორციელებთ. ჯერ კიდევ 1945 წელს ევროპა სულ რამდენიმე დემოკრატიულ სახელმწიფოს ითვლიდა. დღეს კი 47 ქვეყანა 800 მილიონიანი მოსახლეობით, ერთიანდება ევროსაბჭოში - მსოფლიოს ამ უდიდეს ორგანიზაციაში, რომელიც დემოკრატიის სამსახურში დგას. ამას თქვენ ათწლეულობით გაწეული შრომის შედეგად მიაღწიეთ. 1949 წელს შეიქმნა ევროპის საბჭო. მაშინ ომისგან დაქანცული და გაპარტახებული ევროპა, ახლა ყველაზე აყვავებული რეგიონია მსოფლიოში. 1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს რიგით 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ჩემი ქვეყნისთვის თქვენს რიგებში ყოფნა ძალიან საამაყოა. ჩვენ გვიან შევუერთდით ევროპის თავისუფლებისმოყვარე თანამოაზრეთა ჯგუფს და კარგად ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, რაც ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის პრეცედენტი გახდა.
"სწორედ ამის გამო ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე გამოსვლისას. კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია. როდესაც შინ, ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება, რამდენად რთულია შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას. თქვენთვის, ბუნებრივია, ძნელია ამის გაგება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, თავისი ახსნა აქვს.
"ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ძნელი გზა გამოიარა თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. გლობალიზებული მსოფლიოს უამრავი გამოწვევა და პრობლემა ჩვენც გვეხება და სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება, ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებიც მეგზურობას გაგვიწევენ ამ გარდამავალ პერიოდში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.