საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ფრანგულ ენაზე დაიწყო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პირველად აქვს პატივი , ევროპულ ინსტიტუტს პრემიერ-მინისტრის რანგში მიმართოს.
"შემთხვევით არ არის, რომ მე მივმართავ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ ძლიერ ინსტიტუტს, რომელიც მხარს უჭერს და იცავს ჭეშმარიტ დემოკრატიას ევროპაში. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ დემოკრატია შენდება არა საუბრით, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობითა და გაძლიერებული ძალისხმევით. მე თქვენ მოგმართავთ, ვინაიდან, ჩემი აზრით, თქვენ ევროპული დემოკრატიის საუკეთესო არქიტექტორები ხართ. ვინაიდან სტრასბურგში ვარ, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, არ შემეძლო, თქვენთვის ფრანგულ ენაზე არ მომემართა. გამოსვლას კი გავაგრძელებ ქართულად, რომელიც ჩემი მშობლიური ენაა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.