კოალიცია "ქართული ოცნებიდან" კობა დავითაშვილის გარიცხვის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კობა დავითაშვილის კოალიციიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგშიც არ დამდგარა.
"ვფიქრობ ეს გაზვიადებულია, ასე კატეგორიულად საკითხი ნამდვილად არ დაგვისვამს, არანაირ გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა", –აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და ამ გაუგებრობასთან დაკავშირებით მას შემდგე იმსჯელებს რაც საქართველოში პრემიერ-მინისტრი დაბრუნდება.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ნამდვილად არ იზიარებს განცხადებას, რომელიც უკავშირდება დავით სერგეენკოს რაიმე კავშირს კორუფციასთან.
"შესაძლებელია რომელიმე დეპუტატს კითხვები აქვს ჯანდაცვის მინისტრთან, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მარტივად გადასაწყვეტია. სერგეენკო შეხვდება უმრავლესობას და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის გაუგებრობა, რომელსაც ნამდვილად დაესმევა წერტილი, რადგან ეს არ იყო თემა რომელიც საჯარო განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო" , – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისივე აზრით, უმრავლესობასა და მთავრობას შორის არ არის ურთიერთობის პრობლემა და შესაბამისად, არ უნდა იყოს პრობლემა კობა დავითაშვილსა და მინისტრებს შორის ურთიერთობის.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, ის დარწმინებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი და პოლიტსაბჭო მიიღებს.
"კობა დავითაშვილი რჩება ჩვენს გუნდში და არის უმრავლესობის წევრი. როდესაც ივანიშვილი დაბრუნდება რა თქმა უნდა, მოხდება კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა და გარკვეული სიცხადეც შევა ამ ურთიერთობაში", - აღნიშნა კობახიძემ.