რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერი-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის დროს მოხდა აზრების გაცვლა რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა პროგრესი და მიესალმნენ ჰუმანიტარული კავშირების აქტივიზაციას.
ასევე გამოითქვა კმაყოფილება მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" 24-საათიან მუშაობას.
კარასინმა და აბაშიძემ ასევე განიხილეს შემდეგი შეხვედრისთვის მოსამზადებელი საკითხები, რომლის ჩატარებაც ივნისის პირველ რიცხვებში გადაწყდა.