საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანდრო ბარნოვმა დავით ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც ადმინისტრაციას 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ანდრო ბარნოვს ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა ეკავა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ანდრო ბარნოვმა სამუშაო კაბინეტი უკვე დატოვა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი, ბარნოვის სავარაუდო შემცვლელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.