სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულება იხურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა , რუსთავში რამდენიმე ციხის არსებობის საჭიროება აღარ არის და მე-16 დაწესებულება უახლოეს პერიოდში იხურება.
"#16 დაწესებულების თანამშრომლები გადავლენ კადრების განკარგულებაში და ვიღაც დარჩება სამუშაო ადგილზე, ვიღაც - არა. რაც შეეხება დაწესებულების დახურვას, ამდენი ციხე არ გვჭირდება და ეს ქვეყანა ციხეებად არ უნდა გადაიქცეს. არ შეიძლება თითო ქალაქში 2-2 და 3-3 ციხე იყოს", - განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ბედი ეწევა დაწესებულების შენობას.
რაც შეეხება #16 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, კორძაიას ინფორმაციით, ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით.
ამასთან, კორძაიას თქმით, სწორედ ამას უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლების გუშინდელი აქცია.
სასჯელაღსრულების #16 დაწესებულების თანამშრომლებმა გუშინ აქცი გამართეს. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სამსახურიდან გათავისუფლებით და დაკავებით ემუქრებიან. ისნი წუხელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი პროტესტის მიზეზი განუმარტეს. როგორც ციხის თანამშრომლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, თავმჯდომარის მოადგილე მათ დაპირდა, რომ სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ.