იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სახელით „ფეისბუქში“ კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა.
„სამწუხაროდ მე საქართველოში ძალიან დიდი ხანი არ (ვერ) დავბრუნდები. რაც დრო გავა მით უფრო მიხვდებით, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია. მე არ გავურბივარ მართლმსაჯულებას, მე უბრალოდ არ მსურს სულელურ, პოლიტიკურად მოტივირებული, ცხელ გულზე დაწყებული გამოძიების მსხვერპლი გავხდე, მითუმეტეს მაშინ როცა მრავალ, ჩვენს თანაგუნდელს ნერვების დამორჩილება უჭირს და პოლიტიკური ხაფანგების მსხვერპლნი ხდებიან. ამის დასტურია ჩვენი თანაგუნდელის ბაჩო ახალაიას საქმე.
მე მინდა გითხრათ, რომ იმის გამო რომ ჩემი საქმე სავსე იქნება ლაფსუსებით, ისევე როგორიც არის ბაჩო ახალაიას საქმე, ამიტომ ჩემი ჩამოსვლა არ იქნება მიზანშეწონილი. დაიტანჯებიან ჩემივე პროკურორები, დაიტანჯება მოსამართლე, დაიტანჯება მოქმედი ხელისუფლებაც, ჩემს ძველ თანაგუნდელებსაც შესაძლოა შევუქმნა საფრთხე, რომლებიც არაფერ შუაში არიან და ”სეირიც” არ იქნება კარგი საყურებელი. აქედან გამომდინარე რაციონალური არ იქნება ჩემი დაბრუნება. რა თქმა უნდა ყველა პროკურატურის მიერ თავის დროზე დაჭერილი ადამიანი ალაპარაკდება, და ეს ბუნებრივიცაა, ყველა ჩემსკენ გამოიშვერს ხელს.
და კიდევ ერთხელ, მთავარი მიზეზი, როგორც არაერთხელ განმიცხადებია, არის ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არის ზედმეტად მკაცრი, ეს იყო თავიდან შექმნილი იმის გამო, რომ ხელისუფლებად ჩამოყალიბებული კრიმინალი დაგვემარცხებინა, ხოლო შემდეგ ვაპირებდით მის ლიბერალიზაციას, რაც გამოგიტყდებით ნელი ტემპებით გავაკეთეთ, რის გამოც ბევრი სამართლიანადაც გადავიმტერეთ. ეს ხელისუფლება წარმატებით იყენებს იმ სისტემას რაც ჩვენ დავნერგეთ ისევ და ისევ ჩვენს წინააღმდეგ და იყენებს ბოროტად. სწორედ ამიტომ ჩემი ჩამოსვლა არ არის გამართლებული უახლოეს მომავალში. გმადლობთ“, - ნათქვამია ადეიშვილის სახელით გახსნილ ერთ-ერთ პროფილზე გავრცელებულ განცხადებაში.