დღეიდან იმუნიზაციის კვირეული იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2013 წლის 22-27 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ გამოაცხადა.
ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის კვირეულის მიზანია, რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
"იმუნიზაცია მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უნდა იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის; წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქების პირობებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების დაცვა ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების გზით", - აღნიშნული საკითხები საქართველოში იმუნიზაციის კვირეულის მთავარი გზავნილები იქნება.
"კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრესკონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებზე გამიზნულ ღონისძიებებს. მთავარი საინფორმაციო გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ დაავადებების თავიდან აცილების და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით თითოეული ბავშვის აცრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ყველა ბავშვი უნდა აიცრას. თითოეული ადამიანის აუცრელობა ზრდის როგორც თვითონ მისი, ასევე სხვების დაავადების საფრთხეს", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, ლოზუნგით "აცერი და დაიცავი".
საქართველო, როგორც ჯანმო–ს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს.