დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ქართულ საზოგადოებას "გამოფხიზლებისთვის" მადლობას უხდის. როგორც უგულავამ პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა , "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაინახა, რომ ბევრი მედროვე ადამიანის ადგილი მათ გვერდით არ იყო.
"ჩვენ დღეს კიდევ უფრო რთული ამოცანა გვაქვს, ვიდრე 9 წლის განმავლობაში. ბოლო 9 წელიწადი მარტივი არ იყო. ჩვენ გამოვიარეთ ბევრი ჭირ-ვარამი, შეიძლება ბევრ რამეში შეცდომა დავუშვით, მაგრამ ბევრ რამეს მივაღწიეთ. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ გამოგვაფხიზლა და გვითხრა, რომ ბევრი ადამიანის ადგილი არ იყო ჩვენს გვერდით - მედროვეების, საშოვარზე მოსული ხალხის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
თბილისის მერის თქმით, მისთვის დიდი პატივია აქციაზე, ქართული საზოგადოების წინაშე დგომა. "დღეს აქ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა, ახალი ოპოზიცია, ახალი ევროპული საქართველო. გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის სიმართლის გზა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც, რაც არ უნდა უჭირდეს, პასუხი არ ექნება მარტივ შეკითხვაზე – არის თუ არა საქართველო ნამდვილად უკეთესი, ვიდრე იყო 2004 წელს, როცა ის ერთად ჩავიბარეთ. დღეს იმიტომ მოვედით აქ, რომ გვინდა კიდევ უფრო უკეთესი იყოს, არ ვტკეპნოთ ერთი ადგილი", - აღნიშნა უგულავამ.