4 წელი ამ ხელისუფლებას ვერ ვაცდით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს "ფრონტის ხაზი გადის აქ".
"თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცია. არც ერთ დამყრობელს, არც არაბს, არც სპარსს, ოსმალოს, არ წაურთმევია ჩვენთვის მამული ბოლომდე, იმიტომ, რომ არ გაუუქმებია სახელმწიფო, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. არ შეურაცხჰყვია ქართული ენა. ერთადერი, რომელმაც ეს ყველაფერი წაგვართვა, რუსული იმპერია იყო", - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს საერო თუ სასულიერო ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი ერთადერთი სულიერი მოძმე ერია, ცდებიან.
"ჩვენი ადგილი არ არის იქ, სადაც "ქართულ ოცნებას" მივყავართ. ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ, პრორუსულ ბაცილას ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დასასამარებლად. 4 წელიწადი ამ ხელისუფლებას ვერ ვაცდით. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ წინ ორი არჩევნები გველოდება - საპერზიდენტო და ადგილობრივი. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო ახალი ეტაპი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის. ეს არ არის მარტო "ნაციონალური მოძრაობის" საქმე. ეს არის ყველა ადამიანის საქმე, რომელიც აღიარებს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური ცივილიზაციაა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, გავერთიანდეთ, რომ ჩვენი მტრების ყველაზე მთავარ იარაღს და ტროას ცხენს - "ქართულ ოცნებას", ხელიდან უდნა მოვგლიჯოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ხელში ჩაიგდო ჩვენი შეცდომით",-განაცხადა ბობიხიძემ.