თუ პრემიერი გონს არ მოეგება, ქართველ ხალხთან ბრძოლაში შესვლა მოუწებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა, ნიკოლოზ მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება დასაწყისშივე შეცდომას უშვებს, როდესაც ქართველი ხალხის ხარჯზე რუსეთთან სიამტკბილური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.
"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტი დრო გავა ამ მნიშვნელობას უფრო მეტი ფასი მიეცემა. არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, დღეს რეალური საფრთხე დგას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების. ეს საფრთხეები მომდინარეობს ახალი ხელისუფლებისგან. მან უკანასკნელი 6-7 თვის განმავლობაში მოახერხა იმდენი, რომ ჩვენ დღეს აქ შევკრებილიყავით. ჩვენ ის სიგნალები, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან მოდის, ჩანასახშივე უნდა ჩავახშოთ. ქვეყნის ბედი ვერასდროს ვერ გადაწყდება მოსკოვში. მოვუწოდებთ პრემიერს მოეგოს გონს, თუ არადა მას მოუწევს ამ მიმართულებით ქართველ ხალხთან ბრძოლაში შესვლა მოუწევს", - განაცხადა მელიამ.
აქცია ყოფილ პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს და როგორც "ინტერპრესნიუსს" კორესპონდენტი იუწყება, მიმდებარე ტერიტორია ხალხით არის სავსე.