სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული ენის მნიშვნელობასა და ძალაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ქართული ენა არის ერთ-ერთი უდიდესი მადლი, რომელიც უფალმა ქართველ ერს და საქართველოს მიანიჭა. უწმინდესის თქმით, მრავალი მატერიალური, თუ სულიერი სიმდიდრე აქვს საქართველოს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა არის "ჩვენი ქართველობა, რაც ღვთის უდიდესი მადლი და კურთხევაა".
"უდიდესი სიმდიდრეა ჩვენი ქართული ენა, რომლის დღესასწაულიც დღეს არის და, ასევე, ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. უდიდესი ჯილდოა ღვთისა ბუნება და ჰაერიც კი. წმინდა ილია მართალი ამბობს - "მამული, ენა, სარწმუნოება". ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართულითა ენითა. ქართული ენა უდიდესი საიდუმლოებით მოცული ენაა. იოანე ზოსიმე, რომელმაც დაწერა "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", როგორ გაბედავდა ეთქვა, რომ "ქართული ენით განიკითხების მსოფლიო", ამის საფუძველი რომ არ ჰქონოდა", - ბრძანა უწმინდესმა და უფალს მადლობა შესწირა, რომ ქართველი ერი ქართული ენით დააჯილდოვა.