საქართველო 15-17 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს , ბაზრობაზე საქართველო პირველად ქართული კოლექტიური სტენდით წარდგება.
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის" ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სტენდზე 15-მდე ქართული გამომცემლობის წიგნები იქნება წარმოდგენილი - მათ შორის "პალიტრა L"-ის, "დიოგენე"-ს, "ლოგოს პრესი"-ს და სხვა. სტენდზე კულტურის სამინიტროსა და "ლიტერატურის მუზეუმის" გამოცემებიც განთავსდება. ბაზრობის ფარგლებში იგეგმება ქართველი გამომცემლების საქმიანი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლონდონში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი.
ლონდონის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აპრილში იმართება. ბაზრობას თითქმის 40 წლის ისტორია აქვს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობად ითვლება.
ფესტივალი ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ გამომცემლობას, წიგნის გამავრცელებლებს, ბიბლიოთეკებს და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ბაზრობაზე 1700 საერთაშორისო მონაწილე იყრის თავს. გამომცემლები ბაზრობას ახალი გამოცემების გასავრცელებლად, საავტორო უფლებების შესაძენად და სხვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად სტუმრობენ. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა სახის კონფერენციები, პრეზენტაციები და ფორუმები.